საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის არშეწყვეტასთან დაკავშირებით "ლოგიკაში აღარ ჯდება".
პაპუაშვილის მტკიცებით, მცდელობაა, რომ მოხდეს ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაცია და მეორე მხრივ, შენარჩუნდეს რადიკალური დღის წესრიგი.
"შეიძლება, მოვუძებნოთ ერთადერთი ახსნა, რომ ერთი მხრივ, მცდელობაა, მოხდეს ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ეროვნულ ბანკს ვგულისხმობ, მეორე მხრივ, რადიკალური დღის წესრიგის შენარჩუნება და რადიკალური ჯგუფებისთვის სალაპარაკოს მიცემა. სხვა მხრივ, ეს ყველაფერი ლოგიკაში აღარ ჯდება და ვერ ვხსნი.
იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაუბრუნდება კანონის, კონსტიტუციის ჩარჩოს, რადგან მისი ვალდებულებაა და არა ნება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს. ვფიქრობ, უკვე ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ მოტივაცია არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც მოქმედებებია დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ პაპუაშვილმა განაცხადა.
22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილის თქმით, მიიჩნევს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თუ დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
***
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.